logo
ENG



პენიტენციური: დეკანოზ მამალაძის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ არის

15 ოქტ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არ გადაიყვანენ, ვინაიდან "ამის საჭიროება არ დგას". ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა "სტაბილურია და არ დამძიმებულა".

"2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა.

მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დეკანოზის სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანას მისი ოჯახი ითხოვს. მათი უფლებადამცველი ორგანიზაციის, EMC-ის ცნობით, დეკანოზ მამალაძეს პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. 

"ამ ეტაპისთვის, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, პარალიზებულ კიდურებზე აღენიშნება ატროფიის ნიშნები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ჩივილები", - აცხადებენ EMC-ში. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.


close დახურვა