სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის ციხესთან სპეცრაზმის მობილიზებას უარყოფს და აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში შსს-ს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შსს-ს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები.
მათივე ცნობით, კადრები, რომელიც გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანეს.