logo
ENG



პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს

02 ივნ 202618:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/02/zeu9gn6m361dtxb.png

საქართველოს პენცენტრი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველოს შექმნასა და ამოქმედებას გამოეხმაურა.

"ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ყველაზე ბნელ წლებში აბრუნებს. ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოში ავტორიტარიზმის დასამკვიდრებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა სამმართველო, რომელმაც „სიძულვილის ენას“ უნდა ებრძოლოს და საჯარო სივრცესა და სოციალურ ქსელებში მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება უნდა გააკონტროლოს „სიძულვილის ენასთან“ ბრძოლის საბაბით ძალოვანი უწყებისთვის ცენზურის მანდატის გადაცემა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.

ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს, დანერგოს შიში და თვითცენზურა, ჩნდება შერჩევითი დევნის რისკი და სოციალურ ქსელში გამოთქმული ნებისმიერი მწვავე პოლიტიკური კრიტიკა, იუმორი თუ სატირა შეიძლება „კანონდარღვევად“ ჩაითვალოს. აქედან ერთი ნაბიჯი რჩება მედიისა და მხატვრული სიტყვის ცენზურამდე.

მტკიცედ გვჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობა მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს ან მედიის თვითრეგულირების ორგანოების საქმეა და არა ძალოვანი სტრუქტურების. განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ უწყება შსს-ს ადამიანის უფლებების დეპარტამენტს ექვემდებარება. თავისუფალი სიტყვა თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, მისი შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ყველაზე ბნელ წლებში აბრუნებს". - წერია პენცენტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ ფუნქციონირება დაიწყო.


close დახურვა