რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის საკუთარი ვარიანტი გადასცა, რომელშიც მისი თქმით, "ფორმულირებები მკაფიოა".
ამის შესახებ რუსულმა სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია RIA Novosti წერს.
„როგორც მოლაპარაკებების პროცესის ნაწილი, უკრაინულმა მხარემ მიიღო დოკუმენტი მკაფიო ფორმულირებებით. ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი რეაქციას ელოდება“, - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს, რომ მათ მოსკოვის შეთავაზება მიიღეს და აღნიშნავს, რომ კიევი ამ დოკუმენტს ეცნობა.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინამ სტამბულში 29 მარტს გამართული მოლაპარაკებებისას რუსეთს თავისი პოზიციის ამსახველი დოკუმენტი გადასცა, სადაც, მათ შორის, საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე.
„უკრაინამ ჯერ კიდევ სტამბულის რაუნდის ჩარჩოში გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს თავისი შეთავაზება გადაწყვეტილებების ფორმულირებაზე. მათ შორის, კონკრეტულად უსაფრთხოების გარანტიებზე, ისევე როგორც გარანტიაზე მომავალში ჩვენს ქვეყანაზე თავდაუსხმელობის შესახებ.
რუსულმა მხარემ შეისწავლა შეთავაზებები და დააფიქსირა თავისი პოზიცია. ახლა ჩვენი დროა შევისწავლოთ, შევადაროთ და დასკვნები გამოვიტანოთ, მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი მიმართულებით“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, ვინც მოლაპარაკებებში უკრაინის მხარეს წარმოადგენს, განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად გაიყინა. მისი თქმით, შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, როდის გაიმართება პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.