საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარაში პირველი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
"კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში", - თქვა მან და დააზუსტა რომ შეზღუდული რჩება ქორწილები, ან სხვა დიდი წვეულება, ან სარიტუალო ღონისძიება.
მისივე თქმით, სხვა რეგიონებში რესტორნები გააგრძელებენ მუშაობას გატანის, ან მიტანის სერვისით.
მაია ცქიტიშვილმა აჭარაში შეზღუდვის შემსუბუქების მიზეზად ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება დაასახელა. მისი თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4 პროცენტს.