სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები, - ათენის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ორი მკვლელობისა და თვითმკვლელობის საქმეს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ლევან აბაშიძის ვიდეო მიმართვა. პირი, რომელსაც დედის და დის მკვლელობა ბრალდება და რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ვიდეომიმართვაში მასზე სუს-ისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან ზეწოლასა და დევნაზე საუბრობს. მიმართვა 2016 წელსაა ჩაწერილი, როცა აბაშიძემ დახმარებისთვის იურისტებს მიმართა. გარდაცვლილის წინააღმდეგ არსებულ დევნას ადასტურებენ ოჯახის ახლობლებიც. მიმართვა იმ შემთხვევაში უნდა გავრცელებულიყო, თუ ვიდეოს ავტორს რამე მოუვიდოდა. ვიდეო ბაქოში 2016 წელსაა ჩაწერილი, როდესაც ლევან აბაშიძეს პირველად შეექმნა საქართველოში დაბრუნების პრობლემა.
საქართველოში დევნის გამო, აბაშიძე მეუღლესთან ერთად ინგლისში ცხოვრობდა, ეკა ქობესაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ყოველ ჯერზე როდესაც მას სამშობლოში დაბრუნება სურდა, საზღვარზე პრობლემები ექნებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, რომელსაც აბაშიძემ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიმართა ყვება, რომ აბაშიძის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა ამ საკითხით ძალოვანი უწყებები არ დაინტერესებულან.
საზარელი მკვლელობა ათენის ქუჩაზე 17 ნოემბერს მოხდა. გარდაცვლილია ოჯახის სამი წევრი: დედა – ირინა გედევანიშვილი და შვილები – თაკო და ლევან აბაშიძეები.ერთ-ერთი ვერსიით ლევან აბაშიძემ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გარდაცვლილი ოჯახის სამივე წევრი საცხოვრებელ ბინაში უკვე გადაასვენეს. მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
