logo
ENG



პოდოლიაკი: გასაკვირია, რომ გაეროს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს სადგურში მხოლოდ 2.5 საათი გაატარეს

02 სექ 202201:02
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: გასაკვირია, რომ გაეროს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს სადგურში მხოლოდ 2.5 საათი გაატარეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, რომ გაეროს ატომური სააგენტოს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მხოლოდ 2.5 საათი გაატარეს.

პოდოლიაკის თქმით, მისიის მნიშვნელობიდან და ენერგოდარში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, გასაკვირია რომ ექსპერტების სრულმა შემადგენლობამ ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე საათი გაატარა. ამ დროში პოდოლიაკის თქმით, ისინი მხოლოდ „როსატომის წარმომადგენლების მხრიდან გასაოცარი ზღაპრების მოსმენას თუ შეძლებდნენ.“

თუმცა ზელენსკის ოფისის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ ჯგუფის ნაწილი ტერიტორიაზე მუდმივად დარჩება.

"ეს ჩემი აზრით ძალიან უცნაურად ჩანს. უკრაინული მხარის აზრით, როცა ამ დონის მისია - და ეს ძირითადად ინჟინერიის, ბირთვული ფიზიკის მისიაა, რომელიც მხოლოდ გარკვეული დერეფნებისა და სასადილოების ტერიტორიის დასათვალიერებლად არ ჩამოსულა - არამედ მისიაა, რომელსაც კონკრეტული ალგორითმი აქვს იმის შესასწავლად, თუ რა ემართება ბირთვული ენერგოსადგურის ამგვარი კომპლექსური ინფრასტრუქტურის კონტროლის მექანიზმს.

ემუქრება თუ არა საფრთხე ქსელის უსაფრთხოებას - რადიაცია, ბირთვული და ზოგადად, როგორ მდგომარეობაშია რეაქტორი? შესაბამისად, გასაკვირია, რომ მხოლოდ 2 საათი.

თუმცა IAEA აცხადებს, რომ მისი წევრების გარკვეულ რიცხვი მუდამ იქ იქნებიან. ვნახოთ.

არ აქვს მნიშვნელობა: 2 საათით მეტიც რომ იყოს, იმ პირობებში, რომ რუსები ტრიალებენ, ვინც ამბობენ რომ იქ რაღაც შეფრინდა, იქ ვაშლი დაეცა და ასე შემდეგ - მე მეჩვენება, რომ კომისიის 2.5 საათიდან, რაც სადგურზე სრული შემადგენლობით გაატარეს ისინი მხოლოდ როსატომის წარმომადგენლების გასაოცარი ზღაპრების მოსმენას შეძლებდნენ.“ - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

გაეროს ბირთვული სააგენტოს 14 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. რუსეთმა მათთვის სპეციალური საშვების მიცემა გააჭიანურა. ისინი ატომური სადგურის ტერიტორიაზე დღეს, პირველ სექტემბერში შევიდნენ და ადგილზე რამდენიმე საათი გაატარეს.

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რომელმაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის მისიას უძღვება აცხადებს, რომ ექსპერტების გუნდის ნაწილი ადგილზე დარჩება.

„ჩვენ არსად მივდივართ. IAEA ახლა იქაა, სადგურში და ფეხს არ იცვლის - ის აქ დარჩება“ - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

გროსის თქმით, ექსპერტების ის ნაწილი, რომელიც სადგურის ტერიტორიაზე რჩება სიტუაციას მიუკერძოებლად, ნეიტრალურად და ტექნიკური სიზუსტით შეაფასებს.

IAEA-ს მონიტორინგის ჯგუფი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ინტენსიური დაბომბვის ფონზე მივიდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგოდარში სამხედრო ოპერაციების სიმულაციითა და ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვით გაეროს მისიის ვიზიტისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი უკრაინაში 29 აგვისტოს გაემგზავრა

რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.

 

close დახურვა