logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-მა მუშაობა გააგრძელოს

14 ოქტ 202220:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/bp19hekb7ezvww8.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-მა მუშაობა გააგრძელოს. მან SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადება შეაფასა, რომელმაც უარი თქვა Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტტერმინალების ფუნქციონირების დაფინანსებაზე.

"მოდი, გულწრფელად. მოსწონს ეს თუ არა ვინმეს, მაგრამ ილონ მასკი დაგვეხმარა ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტებს გავმკლავებოდით. ბიზნესს აქვს საკუთარი სტრატეგიების უფლება. უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-მა მუშაობა განაგრძოს. ველოდებით, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს", - თქვა პოდოლიაკმა.

SpaceX აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ შეძლებს და პენტაგონს დაფინანსების თხოვნით მიმართავს. 

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები უკრაინელი სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყაროდ იქცა მაშინ, როცა მობილური ტელეფონი და ინტერნეტ ქსელები ომმა გაანადგურა.

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ გასულ თვეში SpaceX-მა პენტაგონს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვეღარ გააგრძელებს Starlink-ის სერვისის დაფინანსებას.

წერილში მოთხოვნილია, რომ პენტაგონმა დააფინანსოს უკრაინის მთავრობისა და სამხედროების მიერ Starlink-ის ინტერნეტის გამოყენება, რაც SpaceX-ის მტკიცებით, წელს $120 მილიონზე მეტი დაჯდება და მომდევნო 12 თვის განმავლობაში ღირებულებამ შეიძლება $400 მილიონს მიაღწიოს.

უკრაინას საჩუქრად Starlink-ის დაახლოებით 20 000 თანამგზავრი, გადაეცა. გასულ კვირას მასკმა დაწერა, რომ ეს SpaceX-ს $80 მილიონი დაუჯდა და თანხა წლის ბოლომდე $100 მილიონს გადააჭარბებს.


close დახურვა