მმართველ გუნდში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეს ეხმაურებიან, რომელიც უზენაეს სასამართლოშია დანიშნული.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის მიუღებელია ოპოზიციის კრიტიკა, თითქოს უგულავას წინააღმდეგ საქმის წარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მას გიგი უგულავას პოლიტიკურ კეთილშობილებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს.
"უზენაესის სასამართლო ზუბალაშვილების ქუჩებზეა და შეგიძლიათ მიაკითხოთ. უგულავას პოლიტიკურ კეთილშობილებასთან მიმართებაში მაქვს კითხვის ნიშნები და სამართლებრივად ვერ გეტყვით“, - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
გუნდის კიდევ ერთი წევრისთვის, დიმიტრი ხუნდაძესთვის კი გაუგებარია, რატომ არ უნდა იწყებოდეს სასამართლოში საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას კითხვები აქვს.
"ოპოზიცია ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც ეხება პოლიტიკურ ფიგურას, ფუთავს ისე, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის საბაბი. პოლიტიკა არავისთვის არ არის იმუნიტეტი, რომ მან გადაცდომა ჩაიდინოს და ამაზე პასუხი არ მოსთხოვონ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავება. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს.