logo
ENG



პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

05 ივლ 202611:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/05/y06609erqwhx20t.png

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა.

როგორც უწყება განმარტავს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა