logo
ENG



პოლიციელის მიერ მოკლული ქალის სიძე დამნაშავეზე: ეყოს კაცობა და თვითონ მოითხოვოს სასჯელი

21 აპრ 202013:04
3 წუთის საკითხავი
 

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრმა ტყვიით მოკლული ქალის სიძე, თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დამნაშავეს შესაბამისი სასჯელი გამოუტანოს.

პირველაშვილი დაკავებულს ურჩევს, რომ თავად მოითხოვოს სასამართლო პროცესზე შესაბამისი სასჯელი.

„ბედნიერია. თამუნას ვიდეოში თავის ერთადერთი კუსანას იუბილე აქვს. არ მჩვევია სტატუსების დაწერა უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ და იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო.

"მომხდარი ფაქტი, რაც მოხდა ყველამ კარგათ ვიცით - ოჯახი განადგურებულია. საოცარი ადამინი მოგვიკლეს - საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით. მივმართავ თხოვნით შსს-ს ორგანოებს, გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება, მაქსიმალურად შეაფასონ და სწორი და სამართლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს.

"ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზდილ ბავშვზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიღაც ვაჟკაცის ქეიფს და ღრიანცელის გამო, სიცოცხლე მოესწრაფა. ყოველი დილა ვიდეოზარით მეწყებოდა ბებია და შვილიშვილის ერთსაათიანი საუბრითა და ერთმანეთთან მოფერების ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს. რა ვუთხრა, ხან რას ვიგონებ ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს, ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემ ოჯახში ხდება.

"მინდა მივმართო ასევ იმ საცოდავს, მეცოდება მისი შვილები და მეუღლე თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს საჯელი. ეს იქნება მისი მონანიება. თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია გააკეთოს, პირადათ ჩემთვის უკეთესია. უფრო ადვილად მივწვდები, თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ ველოდებით გამოძიებას. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, - წერს პირველაშვილი.

შუახნის ქალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე სამართალდამცავის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელმა სიმონ გაბრიაძემ აღდგომის ღამეს აივნრიდან მაკაროვის ტიპის იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა-ერთი ბრმა ტყვია მოპირდაპირე კორპუსში, თამუნა ანთელავას მოხვდა, რომელიც საკუთარ სახლში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.  ის 116-ე მუხლითაა დაკავებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. 


close დახურვა