logo

პოლიციის დეცენტრალიზაცია და სუს-ის დაშლა - ოპოზიციის ნაწილის შეთანხმება მართლმსაჯულებაზე

clock 17 clock 267 clock 16 სექ 202011:41

დღეს, 16 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ოპოზიციური პარტიების ნაწილმა სამართლის შესახებ განსახორციელებელ რეფორმებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმომწერ პარტიებს შორის არიან: ევროპული საქართველო, ნაციონალური მოძრაობა,  სტრატეგია აღმაშენებელი, ერთიანი საქართველო და გირჩი.

პარტია გირჩის განცხადებით, შეთანხმება გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, რიგი ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1. პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;

2. თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც სცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;

3. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

პროკურატურა

1. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;

2. პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;

3. ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

სუს

1. სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;

2. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

ხელმომწერი პარტიები მოუწოდებენ სხვა პოლიტიკოსებს, შეუერთდნენ შეთანხმებას. 

საერთო ხედვის შეთანხმებას ოპოზიციამ უკვე მეორედ მოაწერა ხელი. პირველი გაიმართა მარტში და ეხებოდა სასამართლოს რეფორმის პრინციპებზე შეთანხმებას. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა