სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის მნიშვნელობა და covid19-თან გამკლავების საქმეში ორ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
სახელმწიფო მდივანმა პომპეომ საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა ოქტომბერში, სამართლიანი თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების პროცესში თანასწორი გარემო დემოკრატიული არჩევნების არსებითი ნაწილია.
მან ასევე შეაქო მიღებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა მიღებული საარჩევნო რეფორმის მკაცრი და განუხრელი იმპლემენტაციის აუცილებლობას.
სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც არსებითია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესში და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაეთანხმა პრემიერ გახარიას, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.