პორტუგალია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გაუგზავნის. ინფორმაციას პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოსტა ავრცელებს.
კოსტას თქმით, გერმანიასთან, რომელიც ამ ტანკების მწარმოებელია, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ შეიძინონ Leopard 2-ს ნაწილები და შეაკეთონ საკუთარ მარაგებში არსებული ის Leopard-ის ტანკები, რომლებიც ახლა დაზიანებულია.
მას არ დაუკონკრეტებია როდის და რამდენ ტანკს მიიღებს უკრაინა პორტუგალიისგან.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რათა შევძლოთ ჩვენი ზოგიერთი ტანკის გაცემა. ვიცი რამდენი ტანკი გაიგზავნება [უკრაინაში], მაგრამ ამის შესახებ შესაფერის დროს განვაცხადებთ“ - განაცხადა ანტონიო კოსტამ.
გასულ თვეში, პორტუგალიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ადმირალმა ანტონიო სილვა რიბეირომ განაცხადა, რომ პორტუგალიის არმიას 37 ერთეული Leopard 2 ტანკი აქვს, თუმცა მედიის ცნობით, მათი დიდი ნაწილი არ მუშაობს.