პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება შეიტანა. როგორც ფორმულას საკონსტიტუციოში განუცხადეს, ახლა რეგისტრაციის პროცესი დაიწყება და მომდევნო პროცედურების შესახებ შემდეგ გახდება ცნობილი.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ქართული ოცნების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა "ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ არჩევანს, გახდეს EU-ის წევრი".