logo
ENG



პრეზიდენტი: გამოვდივარ ინიციატივით - ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია

24 აგვ 202019:25
3 წუთის საკითხავი
 
b9aj9ny1q888udf.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლებში კონსტიტუციის სწავლების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს კონსტიტუცია არის ქართული სახელმწიფოს ღერძი, საქართველოს ხალხის, მისი ყოველი მოქალაქის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ხიდი თაობებს შორის, განვითარების გზა და მომავლის მოდელი. ის არის ქვეყნის კონსტიტუციური სტაბილურობის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლო", - თქვა პრეზიდენტმა. 

მისი განცხადებით, "კონსტიტუცია არ არის გაქვავებული სამართლებრივი ძეგლი. კონსტიტუცია არის ცოცხალი არსება, რომელიც ჩვენთან ერთად იზრდება და იხვეწება, ასახავს სახელმწიფოს განვითარების ეტაპებს".

"ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპი კი საქართველოს გამთლიანებაა, რომელიც მხოლოდ ტერიტორიისა და საზღვრების საკითხი არ არის. საქართველო ვერ გადალახავს თავის ტრაგიკულ გამოცდილებას, ვერ მოიტოვებს უკან თავისი დანაწევრების ისტორიას, ვერ გამთლიანდება აფხაზ და ოს ხალხებთან საერთო ინტელექტუალური, კულტურული და ღირებულებითი სივრცის აღდგენის გარეშე. სწორედ კონსტიტუციას შესწევს ძალა, ჩამოაყალიბოს ერთიანი სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ცნობიერება. ეს არის ჩვენი მომავლის გზა!" - აღნიშნავს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გამოდის ინიციატივით, სკოლებში ისწავლებოდეს კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები.

"კონსტიტუცია აღქმული უნდა იყოს, როგორც პრინციპების და ნორმების ცოცხალი კრებული, რადგან სწორედ მათ განხორციელებას ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და წინსვლა", - დასძინა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სკოლებში სამოქალაქო განათლება ისწავლება, რომელიც რამდენიმე თემას მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი კონსტიტუციაა. 


close დახურვა