logo
ENG



პრემიერმა ჯანდაცვის რეფორმა დააანონსა

04 დეკ 201919:38
3 წუთის საკითხავი
 
x5caa2f00c55kbu.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა, რომ ჯანდაცვის რეფორმას განვითარება სჭირდება. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა.

„ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ვფიქრობ, ჩვენი ყველას ინტერესია. ის პრინციპები, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება. სისტემურმა ცვლილებებმა პირველ რიგში, უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად - ხარისხი მომსახურებისა, რომელსაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვაწვდით. აქ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით", - მიმართა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

კლინიკების ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. მიმართვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაური სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დღეს სამუშაო შეხვედრაზე მასპინძლობს, რომელზეც მათ არგუმენტაციას ეცნობა. შეხვედრას 30-მდე კლინიკის ხელმძღვანელი პირები ესწრება. შეხვედრას ასევე ესწრება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.

 

 


close დახურვა