პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, კახა საბანაძეც ფიგურირებს, გამოძიება დაიწყო.
უწყების განცხადებით, გამოძიება დაიწყო 22 მარტს, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.
კერძოდ, პროკურატურის განმარტებით, ძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ) (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს, 23 მარტს გააკეთა.
მიზეზად მან "მედიაში გასულ სიუჟეტები" დაასახელა და თქვა, რომ ამაზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს.
20 და 21 მარტს ტვ პირველისა და მთავარი არხის ეთერში სიუჟეტები გავიდა, რომლებშიც კახა საბანაძე ფიგურირებს.
მთავარი არხის თანახმად, 2019 წლის 24 ნოემბერს მათ დაუკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, ივანე გულაშვილი. გულაშვილი ახლა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის ბრალდებითაა დაკავებული.
მისი მოვალეობა, როგორც თავად 2019 წლის ინტერვიუში ყვება, სხვების ბინაში შეღწევა და სათვალთვალო სისტემების დამონტაჟება იყო.
კადრების გადაღება უკანონოდ ხდებოდა. მთავარი მიზანი ადამიანების დაშანტაჟება იყო.
ივანე გულაშვილმა მთავარ არხს უთხრა, რომ ის სხვების ბრძანებებს ასრულებდა. დავალების გამცემი, მისი თქმით, შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე იყო, რომელმაც ეს თანამდებობა 2017 წლის ნოემბრიდან დაიკავა.
მანამდე კი ბრძანებებს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე გასცემდა.
"გაფორმებული ვარ ექსპერტ-კრიმინალისტად, მაგრამ ეგ საქმე არ ვიცი. ვეხმარები შსს-ის მე-7 განყოფილებას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ უთვალთვალოს დამნაშავეებს, თავისი მოსასმენებით და ყველაფრით. ვემორჩილებით ბატონ კახა საბანაძეს. მარტო მაგას. სხვისგან მე ბრძანებას არ ვიღებ და სხვის დავალებას არ ვასრულებ. იმიტომ, რომ მე სხვა უფროსი არ მყავს". - ამბობს გულაშვილი.
მისი თქმით, სწორედ შარაძის დავალებით ისწავლა "ნებისმიერ სახლში სუფთად, ნაკაწრების და დაზიანების გარეშე შეღწევა".
გულაშვილი ამბობს, რომ მას არ ეუბნებოდნენ, ვის ბინაში უწევდა შესვლა და ფარული კამერების და მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება. თუმცა, ზოგიერთი ბინა მან თვითონ ამოიცნო იმ ფოტოებით, რაც სახლში დახვდა.
ერთ-ერთი ბინა, სადაც მან ფარული სათვალთვალო სისტემა 2014 წელს დაამონტაჟა, მოძრაობა ხალხისთვის დამფუძნებელი, ანა დოლიძე იყო. მოგვიანებით მანვე მოხსნა აპარატურა.
გულაშვილი ადასტურებს, რომ მოიპოვეს მასალა - ანა დოლიძის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
ანა დოლიძემ დაადასტურა, რომ ბინა, რომელსაც გულაშვილი აღწერს, მას ეკუთვნის. მან გამოძიების ჩატარება პროკურატურასაც მოსთხოვა.
კიდევ ერთ ოპერატიული დავალება, რომელიც ივანე გულაშვილმა შეასრულა, სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის, ვაგიფ აკპეროვის პირად კომპიუტერში ვირუსული ფაილის ჩაშვება იყო.
"ორთაჭალაში აქვს, არ ვიცი, ოფისია თუ სახლი. იქ ლეპტოპში დავაყენეთ ვირუსი, რომ გვენახა მათი პირადი ცხოვრება. ამ ვირუსით ისმენ, კამერას რთავ ისე, რომ ვერც ხვდება ადამიანი.
ჩემგან მოდიოდა ეს დავალებები შარაძისგან. როგორც ახლა ვემორჩილები ბატონ საბანაძეს, ისე მაშინ ვემორჩილებოდი შარაძეს". - თქვა გულაშვილმა მთავარ არხთან.
შეიხმა ვაგიფ აკპეროვმა თანამდებობა 2016 წელს დატოვა, მაშინ მან გააკეთა განცხადება და სუს-ი ზეწოლაში დაადანაშაულა. ის დღესაც ადასტურებს, რომ მაშინ დაემუქრნენ პირადი ცხოვრების კადრებით.
"ჩემი გადადგომიდან რამდენიმე დღეში გაქურდეს ჩემი ოფისი და რა წაიღეს? - ჩემი ლეპტოპი". - ამბობს ის დღეს მთავარ არხთან.
ივანე გულაშვილი ამბობს, რომ მან დაამონტაჟა სათვალთვალო მოწყობილობა გიორგი რურუას მანქანაზეც.
"აქციაზე მივიღეთ ბრძანება, რომ GPS უნდა დაგვემონტაჟებინა პრადოსთვის. ამოვაკარით და მეორე დღეს ახალ ამბებში ვნახეთ, ვისი პრადოც იყო. გიორგი რურუა იყო. ჯიპი ვნახეთ, სახეზე რურუას მე არ ვიცნობდი, სურათიც არ მქონდა ნანახი. გამახსენდა, რომ ზაფხულში აქციებზე მაგ ადამიანს ვუთვალთვალებდით კამერებით, სად დადიოდა და რას აკეთებდა. ჩანაწერებიც მაქვს". - ამბობს გულაშვილი.
გულაშვილისვე თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლას მის მიერ დამონტაჟებული კამერებით აკვირდებოდნენ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია, მისი მოადგილე კახა საბანაძე და სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური.
კადრებს პარლამენტის სერვერზე იწერდნენ. გულაშვილი ამბობს, რომ მოგვიანებით ეს მასალები გიორგი გახარიას და კახა საბანაძის ბრძანებით განადგურდა.
"მე ამომაღებინეს 7 ვინჩესტერი პარლამენტის სერვერიდან. არ უთქვამთ, რატომ. ახლა ეს კადრები დამტვრეულია და გადაყრილია. მაგას ვერავინ ნახავს, თუ პროკურატურამ ვერ მოასწრო გადაწერა. გახარია და საბანაძე, სხვა კაციშვილი ვერ გასცემდა იქ ბრძანებას". - ამბობს ის.
გულაშვილი ყვება იმასაც, რომ 2019 წლის ზაფხულის აქციების დროს კახა საბანაძე ითხოვდა დამონტაჟებული მონიტორის ისეთი მეთოდებით გათიშავს, რომელიც აქციის მონაწილეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნიდა საფრთხეს. გულაშვილის თქმით, 2 შემთხვევაში მსგავსი ფაქტი თავიდან აიცილეს.
მისივე თქმით, კახა საბანაძემ მას გადასცა იარაღი და უთხრა, რომ უნდა გამოეყენებინა.
"დღემდე მაქვს ეს იარაღი და არ ვიცი, რაში უნდა გამოვიყენო". - თქვა მან 2019 წლის ნოემბერში.
მთავარი არხისთვის ინტერვიუს მიცემის შემდეგ გულაშვილი დააკავეს. თუმცა, გასაიდუმლოებულია მისი დაკავების მუხლი.
ინტერვიუში, რომელიც 2019 წლის 24 ნოემბერს არის ჩაწერილი, ივანე გულაშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ის შეიძლება მოკლან.