საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალი წარუდგინა.
ქმარმა ზ.ვ-მ მძინარე ცოლი ლ.ზ 8 ივლისს მოკლა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს ქ. თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ.ვ.-მ გენდერის ნიშნით, მძინარე მეუღლეს ლ.ზ.-ს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ლ. ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს დააკავეს” - აცხადებს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის "ე", "თ" და "კ" ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.