logo
ENG



პროკურატურამ კომპანია "მელაძის" მფლობელზე ძებნა გამოაცხადა

09 ნოე 202210:48
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელ კომპანია "მელაძის" მფლობელზე, ვაჟა მელაძეზე ძებნა გამოაცხადა. მელაძე და კიდევ ორი პირი თანხების თაღლითურად დაუფლების საქმეზე არიან ბრალდებულნი.

გამოძიების თანახმად, მელაძე ცოლთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

სასამართლომ “მელაძის” მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 7000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მასვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, მიუხედავად აკრძალვისა, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის მოთხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. მელაძის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

მელაძეს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა, კერძოდ მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (20 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (6 ეპიზოდი) წარედგინა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულს უკანონოდ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, აღნიშნულ ნაწილში მისი ბრალდება დამძიმდება და დამატებით წარედგინება ბრალდება შესაბამისი მუხლით.

ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2022 წლის 31 ოქტომბერს ბრალდება წარედგინა ორ პირს. მათ შორის კომპანია "მელაძის" მფლობელის მეუღლეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (3 ეპიზოდი) წარედგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულის ცოლი უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია “მელაძის”დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, შუამდგომლობის საფუძველზე კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მეორე პირს ბრალდება 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (2 ეპიზოდი) წარედგინა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს.


close დახურვა