logo
ENG



პროკურატურამ სახალხო დამცველს თამთა თოდაძის საქმის მასალების გაცნობაზე უარი უთხრა

24 ოქტ 201911:50
3 წუთის საკითხავი
 
i8egu72a4r3nac9.jpeg

საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველს, დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე, დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძის საქმის მასალების გაცნობაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ "საფარში" გამართულ ბრიფინგზე თოდაძის ადვოკატმა და საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ისაუბრეს.

თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა ფიქრობს, რომ პროკურატურა, სახალხო დამცველს, შეგნებულად ეუბნება უარს საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე, რადგან სახალხო დამცველი აუცილებლად დაწერს დასკვნას და რეკომენდაციებს იმ დარღვევებზე, რომლებიც საგამომძიებლო მოქმედებების დროს დაფიქსირდა.

„უარის მოტივი არ არის განმარტებული. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც დასამალი აქვს პროკურატურას, რადგან ჩვეულებრივ გახმაურებულ საქმეებზე, ისეთებზეც კი რასაც გრიფი ადევს, წვდომა ჰქონდა ომბუდსმენს. ჩვენი საქმე თავიდანვე საჯარო იყო და თამთას პოზიციაც იყო რომ პროცესი საჯაროდ წარმართულიყო. მიუხედავად ყველაფრისა, სახალხო დამცველს მაინც უარი უთხრეს. ძალიან დაგვიანებულადაა ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული. მაგალითად, კამერების ჩანაწერები მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის შემდეგ ამოიღეს. სახალხო დამცველი რომ ნახავს დარღვევებს, აუცილებლად დაწერს დასკვნას და რეკომენდაციებს, როგორც ჩანს პროკურატურას არ უნდა რომ ეს გაკეთდეს,“ - განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა თამარ ლუკავამ.

საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ილია ჯიშკარიანი პრივილეგიებით სარგებლობს.

„სახალხო დამცველმა წერილობითი შეტყობინება გაგზავნა შესაბამის უწყებებში, რათა საქმის მასალებთან წვდომა ჰქონოდა. თუმცა ორი დღის წინ მოვიდა უარი. რიგ შემთხვევებში უარს იღებს, თუმცა ყველა გახმაურებულ საქმეზე, ისეთებზეც კი, რომელიც დახურულია და გასაიდუმლოებული, როგორც წესი ომბუდსმენს აქვს წვდომა, თუმცა თამთა თოდაძის საქმეზე უარი მოვიდა. დამატებითი შეკითხვები გაიგზავნა პროკურატურაში. გუშინ თამთა და მისი ადვოკატი შეხვდნენ ომბუდსმენს, პრობლემა არის ამ საკითხში, რომ საგამოძიებო პროცესში არის ბევრი დარღვევა, ამიტომ ომბუდსმენის ჩართულობა აუცილებელია. ბატონი ილია გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს,“ - განაცხადა პატარაიამ.

ადვოკატმა გაუთქმელობის შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე მხარის მიერ გაკეთებული სკანდალური და არასწორი განცხადებების შემდეგ, პროკურატურამ გაუთქმელობის შეთანმხება მათაც მოუხსნა.

„მხოლოდ ერთი დღით იყო გაუთქმელობა, რადგან ჩვენ ხელი გვქონდა ხელი მოწერილი, მეორე მხარეს კი არა. ისინი აკეთებდნენ სკანდალურ და არასწორ განცხადებებს. პროკურატურამ თავად არ გააკეთა საპასუხო განცხადება, მაგრამ მოგვიხსნა გაუთქმელობის შეთანხმება და გვითხრა თავად უპასუხეთო,“ - აცხადებს ადვოკატი. მან ასევე აღნიშნა, რომ რომ საგამოძიებო მოქმედებებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, 18 ნოემბრამდე ვერანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს.

მისივე თქმით, მათ საქმის მასალების გადმოცემის მოთხოვნის უფლებას, საპროცესო კოდექსი უზღუდავს. 

"საქმის მასალების გადმოცემის მოთხოვნის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, რადგან საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს რომ შეგვიძლია მხოლოდ გავეცნოთ", - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ჯიშკარიანი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი თავად თოდაძის მოწყობილია.

 

 


close დახურვა