პროკურატურის განცხადებით, არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები დაილუქა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამის მიზეზია მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისთვის.
"გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ კი დაგეგმილია კომპიუტერული/ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის დუბლირებას, ასევე, ხომ არ ფიქსირდება საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაცვლად საქართველოში ხმის მიცემის შემთხვევები.
ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია - სმარტმატიკმა, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები,აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს არსებული ინფორმაციის შენახვა და დაცულობა", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.