logo
ENG



პროკურატურა: სააკაშვილმა საზღვარი 29.09-ში გადმოკვეთა, ბრალდებულებმა სამეგრელოში წაიყვანეს

04 ოქტ 202117:19
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურა: სააკაშვილმა საზღვარი 29.09-ში გადმოკვეთა, ბრალდებულებმა სამეგრელოში წაიყვანეს

პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა. 

უწყების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა 2-მა პირმა ის სამეგრელოში წაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ ექსპრეზიდენტი იძებნებოდა. 

შ.წ.-ს და ზ.წ-ს პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება.

უწყების ცნობით: 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება.

სამართალდამცველებმა შ.წ. და ზ.წ. 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

ამ ორი ადამიანის გარდა პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება ელგუჯა ცომაიას, ვის სახლშიც 1-ლ ოქტომბერს სააკაშვილი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდეს. 

პროკურატურა აცხადებს, რომ თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 


close დახურვა