logo
ENG



პროკურატურა ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე ბრალდებულის იძულებით მკურნალობას ითხოვს

06 მაი 202312:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, სასტუმროში დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფსიქიატრიული ექსპერტიზით კი დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას.


close დახურვა