logo
ENG



პროკურატურა ვალდებულია ზურაბ ბუდაღაშვილის ჩვენებაზე გამოძიება დაიწყოს - ადვოკატი

27 ნოე 201914:46
3 წუთის საკითხავი
 
ypf31oo7694ppt3.jpg

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი ცხადებს, რომ პროკურატურა ვალდებულია, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებაზე, გამოძიება დაიწყოს. როგორც მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცალსახაა, რომ საუბარია ძალზედ მძიმე დანაშაულებრივ ფაქტზე.

„პროკურატურას სხვა გზა არ აქვს, ეს არის ცალსახა მითითება კონკრეტულ ძალზედ მძიმე დანაშაულებრივ ფაქტზე. ამასთან, საზოგადოება კიდევ უკეთესად არის ინფორმირებული რა ფორმით ახორცილებს ხელისუფლება ბრალდებულებზე ზეწოლას და როგორ კერავს ისტორიებს, რომლის დამტკიცებაც მერე სურს. ცალსახად არის დანაშაულის ნიშნები. მოსამართლე ვალდებულია გადააგზავნოს ინფორმაცია პროკურატურაში, პროკურორი კი, რომელმაც მოისმინა ბრალდებები, ვალდებულია, თვითონ დაიწყოს ან მოამზადოს ინფრომაცია, რომლის საფუძველზეც კონკრეტული დანაყოფი დაიწყებს გამოძიებას. სხვა გზა პროკურატურას არ აქვს“, - აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა კი თავის მხრივ აცხადებს, რომ თუ აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები, გამოძიება დაიწყება.

„იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ არის დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება, თუმცა ბრლდებულმა მიუითითა, რომ მასთან შესული პირები მისთვის უცნობები იყვნენ, არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ არის დანაშაულის ნიშნები, ბრალდების მხარე ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. რამდენიმე თვეა ის პენიტენციალურ დეპარტამენტშია, თუმცა აქამდე არ განუცხადებია ამის შესახებ. მე გავხდი ფაქტის მომსწრე და მე ვარ ვალდებული მოვახსენო შესაბამის დეპარტამენტს. სხვა არც ერთ ბრალდებულს არ განუცხადებია, რომ მასზე იყოს ზეწოლა. დღეს გახდა ცნობილი და მივიღებთ ყველა ზომას,"  - აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებული ბუდაღაშვილი პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს და როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

ცნობისთვის, მორიგი პროცესი, 4 დეკემბერს გაიმართება. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

 


close დახურვა