logo
ENG



პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - ინიციატივას ოპოზიცია მხარს დაუჭერს

12 ნოე 201908:54
3 წუთის საკითხავი
 
ino5agj7lgwx4qt.png

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. მიმდინარე სასესიო კვირაში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე იმსჯელებენ. პროექტით, არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ამასთან, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. დეპუტატები ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებზეც იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებშია გათვალისწინებული.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის თქმით, მიუხედავად ბუნებრივი ბარიერისა და ბლოკების აკრძალვისა, პარტია მზად არის სრულად დაუჭიროს მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

„ევროპული საქართველო მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების, რომ ხელისუფლებას და ივანიშვილს მოუწია ამ დიდ დათმობაზე წამოსვლა. ჩვენ სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ "ქართული ოცნების" ვარიანტსაც, სადაც მთავარი პრინციპი არის პროპორციული სისტემა, თუნდაც ეს იყოს ბუნებრივი ბარიერით და ბლოკების აკრძალვით“,-განაცხადა ოთო კახიძემ.

მმართველი პარტიის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ეს იქნება შანსი ყველა პოლიტიკური პარტიისა წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს პარლამენტში.

„ვაძლევთ შანსს პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ პირობებში, ჩვენი უპირატესობის, მმართველი პარტიის უპირატესობის მოხსნით თანაბარ პირობებში წარიმართოს კონკურენცია და სწორედ ამის ფარგლებში იყოს მეტი საზოგადოებრივი წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში და მეტ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს შესაძლებლობა შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს პარლამენტში“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


close დახურვა