ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში ოპერაციის მიზნები და ამოცანები შესრულდება.
ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა ასევე თქვა, რომ "უკრაინაში მზარდ ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო და ეს იყო დროის საკითხი".
მისივე განცხადებით, "რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დროს მოქმედებს გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და ეფექტიანად".
ვლადიმირ პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი არ გეგმავს დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციას.
მისივე განცხადებით, რუსეთი ვერ მოითმენს რუსულენოვანი ადამიანების გენოციდს დონბასში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოკლულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო პირებს. ქალაქი მარიუპოლი კი ამ დრომდე ალყაშია. ის ადამიანები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები არ კლავენ, შიმშილით და უწყლობით იხოცებიან.