ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის ხელისუფლების წინააღმდეგ მზარდი უკმაყოფილების ფონზე იყენებენ. ოპოზიციონერის მხარდამჭერთა გამოსვლები რუსეთის პრეზიდენტმა ნოვოოგარევოში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე შეაფასა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც ხალხი გადაღლილი და გაღიზიანებულია, უკმაყოფილება ჩნდება მმართველი ძალის მიმართ, რის გამოყენებასაც ოპონენტები ცდილობენ.
„ბოლო წლებია პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენი გავლენა იზრდება, რაც შეშფოთებას იწვევს. სწორედ ამიტომ რუსეთის უკან დახევას შეეცდებიან და ამაში ამ ხალხს გამოიყენებენ,“- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
საქმეზე, რომელზეც ნავალნის პირობითი ჰქონდა მისჯილი, პროკურატურამ სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლება მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსი ოპოზიციონერი მოწამვლის შემდგომ ნახევარწლიანი სარეაბილიტაციო მკურნალობის შემდეგ გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა. მას შემდეგ კრემლის კრიტიკოსის მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებზე რუსმა სამართალდამცავებმა 4 000-მდე მოქალაქე დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ნავალნის და საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ნავალნის მოწამვლა ფედერალური საგამოძიებო ორგანოების მიერ იყო ორგანიზებული, კრემლი ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.