logo
ENG



პუტინმა უკრაინაში "ომი" ახსენა - დეპუტატი ჯარზე ფეიკის გავრცელებისთვის პროკურატურაში უჩივის

23 დეკ 202212:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/23/zsroz8f0mrtbja2.jpg

რუსეთის პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკიტა იუფერევმა, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ რუსეთის ჯარზე "ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო" სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

იუფერევმა უწყებებს პუტინის 21 დეკემბრის გამოსვლის ტექსტის გადამოწმება სთხოვა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე უკრაინის კონტექსტში სიტყვა "ომი" ახსენა.

იუფერევის თქმით, პუტინმა ამ განცხადებით დაარღვია კანონი რუსეთის ჯარის შესახებ "ფეიკ ნიუსების" გავრცელებაზე. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ სიტყვების გამო რუსეთში უკვე ათასობით ადამიანი გაასამართლეს.

„ვლადიმერ პუტინმა ომს ომი უწოდა: „ჩვენი მიზანი ამ ომის დასრულებაა“ [თქვა პუტინმა]. თუმცა არ ყოფილა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განკარგულება, ომი არ გამოცხადებულა. რამდენიმე ათასი ადამიანი უკვე გაასამართლეს ომის შესახებ ამგვარი სიტყვების გამო. მივმართე ორგანოებს, რათა პუტინი ჯარის შესახებ "ფეიკების" გავრცელების გამო პასუხისგებაში მიეცეს“ - წერს იუფერევი.

ნიკიტა იუფერევი ერთ-ერთი ის დეპუტატია, ვინც სექტემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმას უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის ღალატის ბრალდებით პუტინის იმპიჩმენტისკენ მოუწოდა. მოგვიანებით თავად ამ დეპუტატებს დასდეს ბრალი რუსეთის შეიარაღებული ძალების "დისკრედიტაციაში" და თითოეულ მათგანს ჯარიმა დააკისრეს.

 

close დახურვა