რაგბის კავშირში ერთი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაცია ფორმულას რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია კონფლიქტი, რომელსაც დაჭრა მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირში შიდა კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოში გამწვავდა.
რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვდა.
მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, ასევე სპონსორებიც არსებობენ, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს.
ერთერთი, ვინც კრიზისზე საუბრობდა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდა, რამაზ ხარაზიშვილი იყო. ის აგვისტოში ღიად, მედიით აკრიტიკებდა რაგბის კავშირს.
ამის პარალელურად, პრემიერი გიორგი გახარია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბიში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მეშვეობით, ქართული რაგბი წარმატებით ვითარდება.