უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში.
როგორც დეპუტატების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებული არიან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვა უკრაინის უფლება და მოვალეობაა, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა 2015 წლიდან. ჩვენ შეშფოტებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი სიცოცხლე ნამდვილად აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. აუცილებელია დაუყოვნებლივი გადაყვანა სამოქალაქო, კერძო, მაღალი კლასის კლინიკაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე: მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ მიხეილ სააკაშვილი მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, რაც გარანტიას იძლევა მისი სიცოხლის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი საადვოკატო-საკონსულო დაცვა და რაც შეიძლება მალე მოხდეს უკრაინაში დაბრუნება", - წერია რადას დეპუტატების განცხადებაში.