logo
ENG



რაიდერი: შემაშფოთებელი რიტორიკაა, რომ აშშ რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას ცდილობდა

16 ივლ 202412:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/2d1n3rdkww2v67i.jpg

გენერალ-მაიორი, პენტაგონის პრესსპიკერი პეტ რაიდერი, ამბობს, რომ ამერიკა აფასებს იმ ორმხრივ ურთიერთობას, რაც საქართველოსთან წლებია აკავშირებს და დიალოგს განაგრძობს. თუმცა, წვრთნების გადადების გადაწყვეტილების მიზეზი ის შემაშფოთებელი რიტორიკა გახდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა გამიზნულად ცდილობს რეგიონში ვითარების დაძაბვას. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია", - ამბობს პეტ რაიდერი და დასძენს, რომ ეს მიზანი არა ამერიკას, არამედ - რუსეთს აქვს.

"რუსეთია ის, ვინც ცდილობს უკრაინაში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას", - უთხრა "ამერიკის ხმას" პეტ რაიდერმა.

გენერალ-მაიორი რაიდერი ამბობს, რომ ამერიკა და უშუალოდ პენტაგონი განაგრძობს პარტნიორების მხარდაჭერას, რათა მათ რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიასთან გამკლავება უკეთ შეძლონ.

“ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბევრ ადგილას ჰიბრიდული ომის [მეთოდებით] - ომის ზღვრამდე არმისული კონფლიქტით. ჩვენ ეს ვიცით. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან რეგიონში, რომ ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ. საბოლოოდ, ჩვენ გვინდა უსაფრთხო, სტაბილური, თავისუფალი ევროპა. და როგორც თქვენ ნატოს სამიტზეც ნახეთ, მოკავშირეები ერთიანდებიან ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის, რუსეთის საფრთხის და მომავალი აგრესიის შეკავების გზების საპოვნებლად", - ამბობს პეტ რაიდერი.


close დახურვა