logo
ENG



რას ამბობს გზების დეპარტამენტი ჯუთასკენ მიმავალი ჩამოშლილი გზის შესახებ

06 აგვ 202316:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/06/fhb9dpnu9jtvlkl.png

მოქალაქეები სოციალურ ქსელში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლის, ჯუთისაკენ მიმავალი დაზიანებული გზის ფოტოებს ავრცელებენ და პოტენციურ საფრთხეებზე საუბრობენ. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტიც ეხმაურება.

სურათებში ნათლად ჩანს, რომ გზის ერთი მხარე ჩამოშლილია. ადგილობრივების თქმით, გზა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასზე ამ დრომდე არ შეწყვეტილა საავტომობილო მოძრაობა.

შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ ეს პრობლემა შესაძლოა ჯუთაში მორიგი ტრაგედიის მიზეზი გახდეს.

"ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთადან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული, შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო." - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

გავრცელებულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმაურება. 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ სამშენებლო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება, ხოლო საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

"ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია.

როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.

2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.

კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება." - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა