logo
ENG



რას ფიქრობს ეკა ბესელია ოპოზიციასთან კოალიციაზე პარლამენტში

20 ოქტ 202010:08
3 წუთის საკითხავი
clock 771
41a2ievzg03m1ar.png

პარტიის სამართლიანობისთვის ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით, მას სურვილი აქვს, მომავალ პარლამენტში ახალ პროდასავლურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რომელთაც "წარსული არ ამძიმებთ". 

თუმცა, მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი ერთი მანდატი იქნება გადამწყვეტი თუნდაც მართლმსაჯულების რეფორმისთვის და დაინახავს, რომ ოპოზიციური კოალიცია, რომელშიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც შედიან, "მზად არის, ქვეყანაში ვითარება ფუნდამენტურად შეცვალოს", დაფიქრდება. 

ბესელიას კოალიციის შესახებ კითხვები ფორმულას ეთერში, გადაცემაში "საქართველო ირჩევს" სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. 

"ჩვენი არჩევანი არის შემდეგი - დასავლური ტიპის პარტიებთან, რომლებსაც არ ამძიმებთ წარსული და არ ამძიმებთ ის სისასტიკე, რომელსაც ძალიან ბევრი წელი ვებრძოლე, იოლი იქნება ჩვენთვის თანამშრომლობა. ჩვენ განვიხილავთ პარტნიორებად ასეთი პროდასავლური ტიპის ახალ პარტიებს, ეს არის ჩვენთვის იდეალური მოდელი, რომელიც მინდა დავინახო 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. უმრავლესობა, რომელიც დღეს ყველა კვლევით ჩანს, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა და არ ამბობს, ვის აძლევს ხმას, იმედი მაქვს, რომ გაიხედავს მომავლისკენ. ასეთ კოალიციაში ვისურვებდი პარტია სამართლიანობისთვის დამენახა. 

მე ქართულ ოცნებაში რომ შემძლებოდა დარჩენა, მათ ყველა მეთოდი გამოიყენეს, მაგრამ არ დავრჩი. არც ნაციონალური მოძრაობის კოალიციაში ვხედავ ჩვენს პარტიას. მაგრამ მთავარი ხომ მიზანია. 

თუ დავინახავთ, რომ მზად არის კოალიცია, რომ ამ ქვეყანაში ფუნდამენტურად შეიცვალოს ვითარება და ამის გარანტიებს მივიღებთ, ჩვენ დავფიქრდებით, მათ შორის, ისეთ ტიპის კოალიციაზე, სადაც შეიძლება ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა", - თქვა ბესელიამ. 

30-მდე ოპოზიციური პარტიას, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებოდა და სხვადასხვა საკითხზე მსჯელობდა, გაცხადებული აქვს, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ კოალიციური მთავრობა რამდენიმე რეფორმას განახორციელებს, მათ შორის - სასამართლო სისტემისაც


close დახურვა