პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიის დროს მძიმედ დაშავებული სამივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
"სამივე ქალს შემოსვლისას ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები, რის შემდეგაც მოთავსდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. სამივე ქალატონის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორთან ჩატარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.
სამივეს მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ (სასიცოცხლოდ აუცილებელ) პარამეტრებს, ასევე მინდა გითხრათ, რომ რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას.", - თქვა რატიანმა.
შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.