logo
ENG



რატიანი საგანგებო მდგომარეობაზე: ხელისუფლებამ რეგულაციები დეტალურად უნდა გაწეროს

22 მარ 202023:03
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ მთავრობის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც რატიანმა გადაცემაში განაცხადა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს ეკისრება და ხელისუფლება ამ ვითარებაში ვალდებულია დეტალურად გაწეროს რეგულაციები.

„ამ შემთხვევაში ოპოზიცია გვერდში დაუდგა ხელისუფლებას და მას მისცა ეს ბერკეტი და ეს ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული. სინამდვილეში დღეს რა ჩანაწერიც არის, ის საერთოდ ყველაფერს კრძალავს. დღეს ფაქტობრივად ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, სადაც ყველაფერი აკრძალული არის და აქ არ წერია აღმსარებლობა, გარკვეული შეღავათები არ არსებობს. ხელისუფლებამ ახლა უნდა გაწეროს დეტალურად სად, როგორ შეიძლება ფართობთან მიმართებაში და ა.შ. რეგულაციები ძალიან ზუსტი უნდა იყოს, თორემ ჩვენი სამართალდამცველები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. აქ უნდა მკაცრად გაიმიჯნოს რწმენის თავისუფლება და რა შეიძლება მოყვეს ჩემ ქმედებას სხვა ადამიანების მიმართ. არანაირი ჩარევა არ არსებობს. თანამედროვე საზოგადოება ვერ ისარგებლებს გამონაკლისით. რწმენა არის ყოველთვის პრივატული. ის რაც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი შეიძლება სხვისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა იხელმძღვანელოს ზოგადი კანონებით, რასაც გულისხმობს მეცნიერება. პასუხისმგებლობის ძირითადი წილი სახელმწიფოზეა“,-განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 მარტს მთავრობამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 


close დახურვა