logo
ENG



რატომ დატოვა თანამდებობა უფროსმა პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა

22 აპრ 202115:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/22/hs7kdw6i41i6cvc.jpg

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან განცხადება facebook-ზე გამოაქვეყნა. ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის, განვითარებისთვის ბევრს შრომობდა. თუმცა აღნიშნავს, რომ "10-წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა".

დათუკიშვილი ამბობს, რომ ის საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს. იხილეთ განცხადება სრულად:

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მალე 10 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს პროკურატურაში უფროსი პროკურორის თანამდებობაზე. ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით, სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე 10 წელი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბოლო 4 წელი, როდესაც ვიმსახურე, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორმა. ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიბრძოდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის განვითარებისთვის. მეამაყება, რომ ჩემს გუნდთან ერთად უდიდესი წვლილი შევიტანე ამ სფეროში პროკურატურის როლის გაძლიერებაში. ჩვენ მიერ ჩატარებულმა ისტორიულმა პროცესებმა შეუქცევადი გახადა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, დღეს არის ერთ-ერთი მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების ფორმა ჩვენს ქვეყანაში.

თუმცა, 10 წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა, მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან. მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს და სამოქალაქო სექტორს, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას. ჩემი ახალი ასპარეზის შესახებ კონკრეტულად მოგვიანებით შეგატყობინებთ, თუმცა, თამამად ვაცხადებ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ვემსახურო იდეას, რომლისაც მჯერა, და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.

მადლობა ყველა იმ კოლეგას, რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან ქვეყნისა და ხალხის ინტერესს! მადლობა აშშ-ის საელჩოს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის! იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა მართლაც დაადგება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების განვითარების გზას და გახდება ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი!
განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს - ნაფიც მსაჯულთა სამმართველოს! მადლობა თქვენ მიერ გაწეული შრომისა და ბრძოლისთვის! თქვენი შრომა იყო და იქნება ფასდაუდებელი. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და მჯერა, რომ ოდესმე ერთად ვიზეიმებთ ჩვენი საოცნებო მართლმსაჯულების სისტემის არსებობას.
და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ თითოეულ პროკურორს! პროკურორობა არ არის მხოლოდ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. პროკურორობა არის ქვეყნის სამსახური, ქვეყნისა და ხალხის მომავალზე ზრუნვა, და ღირსება, რომელსაც სჭირდება დაცვა! გისურვებთ, დარჩენილიყავით თქვენი ფიცის ერთგულნი!", - წერს დათუკიშვილი.

ზაზა დათუკიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გახმაურებულ საქმეებზე იყო პროკურორი, მათ შორის სმიტების მკვლელობის საქმეზე.


close დახურვა