logo
ENG



რა გავლენას იქონიებს სააკაშვილის დაწინაურება საქართველოს შიდა პოლიტიკაზე

10 მაი 202019:47
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინამ სასიცოცხლო რეფორმების საჭე ჩააბარა ადამიანს, რომელიც მსოფლიოში თუ არა, ყოფილ სოციალისტურ სივრცეში მაინც, ყველაზე წარმატებულ რეფორმატორადაა მიჩნეული. თუმცა, დღეს ის ძებნილია საქართველოში. საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილზე, რომლის მიმართ თავად ქართველების უმრავლესობას უკიდურესად წინააღმდეგობრივი განწყობა აქვთ.  

"ქართული ოცნების" ხელისუფლების ხისტმა რეაგირებამ არ დააყოვნა. უხეში წერილების წვიმას შანტაჟის რიტორიკა და ბოლოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევა მოჰყვა. შედარებით რბილი, პასუხისმგებლობით აღსავსე, თუმცა პრინციპული იყო პასუხი კიევიდან. "შეცდომად" შეაფასა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოფიციალური თბილისის რეაგირება, თუმცა მიანიშნა, რომ უკრაინას ვერავინ უბრძანებს, საკუთარი მოქალაქე რა თანამდებობაზე დანიშნონ.  

პრეზიდენტ სააკაშვილის დანიშვნაზე "ოცნების" ხელისუფლების ისტერიული რეაგირება სერიოზულ დიპლომატიურ სირცხვილად შეფასდება და იმედია, რომ ტრადიციულად, ძალიან თბილ და მეგობრულ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერაფერს დააკლებს. თუმცა უდავოდ  საინტერესოა იმის გარკვევა, თუ რა გახდა ასეთი უპრეცედენტო რეაქციის მიზეზი.

დიპლომატიური სკანდალით გამოწვეული აჟიოტაჟი - რა გავლენას იქონიებს კიევში მიხეილ სააკაშვილის დაწინაურება საქართველოს შიდა პოლიტიკურ წონასწორობაზე?

ვაშინგტონსა და ბრიუსელთან კონსულტაციის გარეშე საეჭვოა, რომ კიევში ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. მათი წამყვანი მოტივი უკრაინის კორუფციული უძრაობიდან დაძვრაა, ეს ორი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო პარტნიორი მთავარი მედიატორია თბილისშიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის არამარტო შეთანხმების მიღწევის და რეალიზაციის, არამედ ისეთი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების პროცესისთვის, სადაც ნაკლები იქნება პოლარიზაცია და მეტი - ბალანსი და კონტროლი. 


close დახურვა