logo
ENG



რა მოხდა მარნეულში - ოჯახი იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, ვინც ჩხრეკას ატარებდნენ

18 ივლ 202013:22
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიმდინარეობს მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა. 

აქტივისტი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალების ჩადება სცადეს. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, თუ როგორც ყოფს ხელს მაგის ქვეშ ერთ-ერთი პირი და სავარაუდოდ, რაღაცას აწებებს.

"ფორმულა" იმ ოჯახის წევრებს ესაუბრა, სადაც ხსენებული ფაქტი მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, პოლიციამ ჩხრეკის დროს მათზე ფიზიკურად იძალადა. 

ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცველები მათთან გუშინ, 15:00 საათზე მივიდნენ. მათივე ინფორმაციით, პოლიციას სახლში შესვლა ძალის გამოყენებით სურდა. მათ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ნივთის ჩადების ეჭვი გაუჩნდათ. 

ალიევის ოჯახი გამოძიების დაწყებას და ყველა დამნაშავე პოლიციელის დასჯას ითხოვს. 

"პოლიციელები, რომ რომ მოვიდნენ, ჩვენ ჩვენების ოქმი მოვითხოვეთ. რა გვაჩვენეს არ ვიცით. თარჯიმანი მოვითხოვეთ. შევთანხმდით, რომ დაიწყებდნენ ჩხრეკას, მაგრამ ეჭვი გვქონდა, რომ რამეს ჩაგვიდებდნენ, ამიტომ ფრთხილად ვიყავით. ვიცოდით, რომ ეძებდნენ იარაღს და ამიტომ ვუყურებდით, ხომ არ ჰქონდათ იარაღი. მე ძალით გამომაგდეს, ჩემ რძალს კი თავში რაღაც ჩაარტყეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ", - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი. 

მომხდარს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ჩადების ფაქტი ნათლად მიუთითებს, როგორ არჩევნებს ჩაატარებს მმართველი გუნდი.

"მთლიანად მთელი ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვებს, რომ აქ მიდის პოლიტიკური დევნა. არის პოლიტიკური დაკვეთა, ეს ოჯახი ცნობილია ივანიშვილის გუნდის არ მხარდაჭერით და ჩვენი გუნდის მიმართ სიმპათიით. მოვუწოდებ ხელისუფლებას ამ წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ და არც იფიქრონ ამ მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ. 


close დახურვა