4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, რომელშიც წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესი, საქართველოს შემთხვევაში კი - "მკვეთრი რეგრესი" უნდა შეაფასოს.
ანგარიშის გამოქვეყნებამდე 1 დღით ადრე, რადიო თავისუფლება წერს, რომ წინსწრებით მოიპოვა წლიური ანგარიშის დოკუმენტი და მოკლედ გადმოსცემს მის შინაარსს, საქართველოს კონტექსტში.
რადიო თავისუფლების თანახმად, 2025 წლის გაფართოების ანგარიშში უპრეცედენტოდ მწვავედ იქნება გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება - ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის "შერყევის", ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო.
RFE/RL წერს, რომ დოკუმენტში საუბარია ქართული ოცნების მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ კანონებზეც და აღნიშნულია, რომ "საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის".
რადიო თავისუფლება წერს, რომ გასული წლის გაფართოების ანგარიშთან შედარებით, 2025 წლის დოკუმენტში საქართველოში "მნიშვნელოვან გაუარესებაზეა" ყურადღება გამახვილებული და აღწერილია, თუ სად მოხდა უკუსვლა:
RFE/RL-ს თანახმად:
- „საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით“;
- „ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, - მათ შორის სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური უფლებების, ასევე დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შემზღუდველი კანონმდებლობა, ლგბტქ ადამიანების მიზანში ამოღება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სრული დაუსჯელობის პირობებში ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა, - მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს“;
- გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ცხრა რეკომენდაციის მიმართულებით „მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას ევროკავშირის გზას კიდევ უფრო აშორებს“;
- „კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, რითაც მათს სანდოობას საძირკველი გამოუთხარა“;
- „ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად“;
- „ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქმიანობის აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს“.
გაფართოების ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, ასევე, ქვეყნის საგარეო და სამეზობლო პოლიტიკაზე და ეკონომიკაზეც - ამ კონტექსტში ნათქვამია, რომ ერთადერთი პოზიტიური მიმართულება, რაშიც საქართველო ლიდერობს, არის ეკონომიკური ზრდა.
რა წერია ანგარიშში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გამოქვეყნებამდე 1 დღით ადრე მოიპოვა - სრულად
