logo
ENG



როგორც ჩანს, გაზპრომმა ისევ დაგვირტყა მუშტი მაგიდაზე - ელისაშვილი

26 მაი 202010:20
3 წუთის საკითხავი
 

რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაგრძელება საეჭვოა ხელისუფლების ოპონენტებისთვის - ტარიფების გასაიდუმლოებას ოპოზიციის წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ.

ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ „გაზპრომმა“ ტარიფები, სავარაუდოდ, გააძვირა. ოპოზიცია საკითხთან დაკავშირებით მთავრობის განმარტებებს ელის.  

„სამოქალაქო მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების გარეშე მმართველი ძალის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ალეკო ელისაშვილი კახა კალაძის მიერ „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას იხსენებს და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ახალი ხელშეკრულებაც გაძვირებულ ტარიფებს სთავაზობს ქართულ მხარეს.

„ჩვენი ხელისუფლება აპრილის თვეში, როგორც ჩანს, რუსებთან რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ბნელ გარიგებებს აფორმებდა. ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს მთავრობამ, საეჭვოა, რომ ტარიფები არ ხმაურდება და ის პირი უჩანს, რომ „გაზპრომმა“ გაგვიძვირა. გვახსოვს კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს ქართული სახელმწიფოს საზიანოდ დათმობილი პოზიციები - ახლაც, როგორც ჩანს, „გაზპრომმა“ ისევ დაგვირტყა მუშტი მაგიდაზე", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ანტისახელმწიფოებრივ უწოდებენ ამ გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“. ლევან ხაბეიშვილის აზრით, ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებზე სისხლის სამართლის კოდექსით უნდა აღიძრას საქმე.

„რუსი მილიარდელის მარიონეტული ხელისუფლება დიდი ხანია, ქვეწოლის რეჟიმშია რუსეთის ხელისუფლებასთან და არაერთხელ გვინახავს გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება. პირველი გვახსოვს, რომ ეს კახი კალაძემ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამას მალავენ და ასაიდუმლოებენ ხელშეკრულებას, რომელიც ანტისახელმწიფოებრივია, გავა დრო და აუცილებლად ყველას მოუგებს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსულ გაზპრომთან ხელშეკრულება განახლდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფი განაახლა და ის ძალაში წლის ბოლომდე იქნება.


close დახურვა