კორონავირუსმა უძრავი ქონების ბიზნესს პრობლემები შეუქმნა. მარტში ბინების გაყიდვებმა თითქმის 38%-ით იკლო. მიზეზი დაწესებული შეზღუდვები და მოსახლეობის გაღარიბებაა. რამდენიმე დღის წინ ბიზნეს ასოციაციამ დასაქმების ბარომეტრის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც წევრი კომპანიების ნახევარი კადრების შემცირებას პროგნოზირებს. დიდი წილი სწორედ სამშენებლო სექტორზე მოდის.
ბინების გაყიდვების შემცირება ეკონომიკური ჯაჭვის რამდენიმე რგოლის ამოვარდნას ნიშნავს. მაგალითად, დაიკლებს სამშენებლო მასალის, ავეჯის და სამომხმარებლო ტექნიკის გაყიდვები, შემოსავალი შეუმცირდებათ ბინების რემონტებზე დასაქმებულ ხელოსნებს, რაც საბოლოოდ ისევ რიგით მოქალაქეზე მოახდენს უარყოფით გავლენას.
ბინების რეალიზაციის შემცირების პარალელურად, შენობის ფასადებზე იმატა გამოკრულმა განცხადებებმა: „ქირავდება". პანდემიის გამო მოთხოვნამ იკლო საოფისე ფართების გაქირავებაზეც.