logo
ENG



როგორ აფასებს სუს-ი საბიუჯეტო უწყებების თანამშრომლების პოლიტიკურ ლოიალობას - დოკუმენტები

21 ივლ 202217:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/ilt768nddtu3vxm.png

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალას აქვეყნებენ, სადაც გამოკვეთილია სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დახასიათებები, უწყებებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და პოლიტიკური განწყობები.

დოკუმენტის მიხედვით, ძირითადად, დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული სამართლებრივ ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და სსიპ-ებში დასაქმებულების განწყობა ოცნების მიმართ,  ხოლო პრობლემად/გამოწვევად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში, რესურს-ცენტრებსა და საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობაა დასახელებული.

"დოკუმენტებით ირკვევა, რომ სავარაუდოდ სუს-ის მიერ პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით შეფასდნენ ისეთი უწყებების თანამშრომლები, როგორიცაა ვაკის და საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული უწყებები, თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტებში ასევე იყო ფაილები, რომელთა ანალიზიდანაც იკვეთება, რომ ისინი სავარაუდოდ სხვადასხვა საჯარო უწყების მიერ ამავე სამსახურში დასანიშნ კანდიდატთა პოლიტიკურ სანდოობაზე გადამოწმების მიზნით გადაგზავნილ სიას წარმოადგენდა.

სიაში მოცემული იყო პირების პირადი ნომრები და მისამართები. გარდა ამისა, ჩამონათვალს თან ერთვოდა მიმართვის ტექსტი, საიდანაც იკვეთებოდა, რომ სიის შედგენის მიზანი მმართველი პარტიის მიმართ ამ პირების ლოიალობის შემოწმება იყო.

მაგალითად, ერთ-ერთი კანდიდატის უარყოფითი შეფასების მიზეზად მითითებულია, რომ 2018 წელს მას უფიქსირდება სახელფასო ანაზღაურება პარტია "ევროპული საქართველოდან".


დოკუმენტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასანიშნი კანდიდატების გადამოწმების მიზნით სავარაუდოდ სუს-ში სულ 49 პირის მონაცემები გადაიგზავნა. იმავე მიზნით და სტრუქტურით იყო შედგენილი კანდიდატების სიები, სავარაუდოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსა (74 პირი) და იუსტიციის სამინისტროსთვის (5 პირი).

 


close დახურვა