როგორ გავრცელდა ვაჟა გაფრინდაშვილის ჩანაწერები და პირადი ინფორმაცია, კვლავ უცნობია. ცხინვალში დაკავებული ექიმის მონაცემები საოკუპაციო რეჟიმის "კაგებეს" მიერ გუშინ გასაჯაროვდა. უთვალთვალებდა თუ არა საოკუპაციო რეჟიმი ექიმ გაფრინდაშვილს - ესაა მთავარი კითხვა, რაც უსაფრთხოების სპეციალისტებს აინტერესებთ. ამის დასადგენად კი ისინი აუცილებლად მიიჩნევენ გამოძების ჩატარებას და პასუხისმგებლობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრებენ.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ფეისბუკზე დაწერეს, რომ ექიმს მობილურში ხმის ჩამწერი პროგრამა ჰქონდა და სატელეფონო საუბრებს ტელეფონში ინახავდა. თუმცა ცხინვალის კგბემ სატელეფონო საუბრების გარდა, ვაჟა გაფრინდაშვილის გადაადგილების მარშრუტი და საბანკო ტრანზაქციებიც გაავრცელა.
ოჯახის წევრები "ფორმულასთან" სატელევიზიო კომენტარს აღარ აკეთებენ. ოპოზიციაში კი ფიქრობენ ექიმის შემთხვევა ადასტურებს საფრთხეებს რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა შესაძლოა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მოსმენაც ადვილად შეძლოს. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ თუ ექიმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰქონდა სატელეფონო კონტაქტი მისი მოსმენა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ეს უკანონოა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს რომ პრიორიტეტი ექიმის გათავისუფლებაა.
დაკავებული ექიმის უკანონო დაკავება იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რაზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ისაუბრა.
ჩანაწერებისა და პირადი ინფორმაციის გავრცელებას, მცირე განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. მასში ნათქვამი იყო რომ საოკუპაციო რეჟიმი გამოგონილ ინფორმაციას ავრცელებს და გასაჯაროებული მასალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ დაწყებული პროცესის გაგრძელებაა.
ოკუპირებულ ახალგორში ქართველი ექიმის უკანონო დაკავებას გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენელი". გავლენიანი ორგანიზაცია ამბობს, რომ რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყონ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. მათვე უნდა უზრუნველყონ, რომ არავინ დაექვემდებაროს წამებასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
საქართველოსა და ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი ვიდეორგოლი გაავრცელა ლატვიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც და ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.