გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივ, უფრო მკაცრ პოზიციაზე შეთანხმდებიან, მაშინ ორბანი ვერაფრის დაბლოკვას ვერ შეძლებს.
ამასთან, როთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს არც გეგმა და არც სტრატეგია არ გააჩნია. მისივე თქმით, მხოლოდ სოლიდარობის ცარიელი გამოხატულება საკმარისი არ არის.
"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირს არც გეგმა და არც სტრატეგია არ გააჩნია. ოცნებამ ჯერ არჩევნები გააყალბა, შემდეგ კონსტიტუცია დაარღვია და ახლა მომიტინგეებს არბევს. საქართველო კვირების განმავლობაში ისტორიული პროპორციების კრიზისს განიცდის: მასიური სახელმწიფო ძალადობისა და რეპრესიების მიუხედავად, ხალხი ქუჩებში გამოდის მათი ევროპული მომავლისთვის. მამაც მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ, თავს ესხმიან წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით. და რა ისმის ბრიუსელიდან ან ბერლინიდან? მხოლოდ სოლიდარობის ცარიელი გამოხატულება. ამის ძალიან მრცხვენია", - განაცხადა როთმა.
მიხაელ როთმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის გეგმის არარსებობის დასამალ საბაბად გამოიყენება და მათ არანაირი შეთანხმების დაბლოკვის ძალა არ გააჩნიათ, თუ კონკრეტული ქვეყნები შეთანხმდებიან.
"უნგრეთი ევროპულ გადაწყვეტილებაზე ვერშეთანხმების მიზეზად გამოიყენება - თუ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივ, უფრო მკაცრ პოზიციაზე შეთანხმდებიან, მაშინ ორბანი ვერაფრის დაბლოკვას ვერ შეძლებს… ჩვენი ბალტიელი პარტნიორები ერთადერთი გამონაკლისია. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი ხელმძღვანელი, კაია კალასი, შექმნის დინამიკას, რომელიც საქართველოს ევროპის საგარეო პოლიტიკის ცენტრში ჩააყენებს", - განაცხადა როთმა.
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევასაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის "არჩევა", საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის "გლაიხშალტუნგისკენ" გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აღრმავებს ქვეყნის დაყოფას, გადატრიალებას გეგმავს და ცდილობს, ლიბერალური დემოკრატიის განადგურებას.