საკანონმდებლო ორგანომ დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყაროს. საკითხთან დაკავშირებით ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს მხარს არ დაუჭერენ. მათი განმარტებით, ხელისუფლებას ჯერ ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარედგინა და მხარდაჭერა ამის შემდეგ ეთხოვა. ამასთან, ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრიც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას, როგორიც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაა, გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში უნდა მისულიყო.
„საჭიროა, კითხვებს პასუხი გასცეს მთავრობის პირველმა პირმა და ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რატომ კეთდება ეს. ამ შემთხვევაში იქნებოდა კენჭისყრა სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესი, როდესაც ჩვენ ყველას, მორალურ ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე მოგვახდევინებდა. მგონია, რომ სესიაზე გარკვეული უხერხულობა შეიქმნება, რადგან არ არის პრემიერი და ვერ ვისმენთ ამომწურავად კითხვებზე პასუხს, რაც მოგვცემდა საშუალებას იმ მწვანე ღილაკს აბსოლუტურად კეთილსინდისიერად მიგვეჭირა ხელი“, - განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ შევიდა და არც სესიაზე დასწრებას აპირებს. მან აღნიშნა, რომ „მასკარადში“ მონაწილეობას არ მიიღებს.
„ბოიკოტის რეჟიმს ვაგრძელებ, რადგან არაფერი ისეთი არ არის, რაც იმსახურებს მხარდჭერას. ჩვენ ვნახეთ, რომ პირველი ეტაპი როგორც ეკონომიკური პროგრამის გარეშე იყო შეზღუდვები ამ ქვეყანაში, ისევე აპირებენ გაგრძელებას. რომ ვიცოდეთ რა პროგრამის წარდგენას აპირებენ, მეტნაკლებად შევძლებდით მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ის საკითხები, რომელიც მე პირველად დავაყენე, არ იყო პასუხები, არც ახლაა, აქედან გამომდინარე არაფერი შეცვლილა. ხალხს აქვს უფლება ისარგებლოს ფორსმაჟორით, თუმცა ამის უფლებას ჩვენი ხელისუფლება არ აძლევს“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობამ 22 მაისის ჩათვლით საგანაგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საკითხს საკანონმდებლო ორგანოში დღეს უყრიან კენჭს.