logo
ENG



რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა

06 დეკ 202418:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/06/srvdi6wjngshnes.png

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუსეთის ჩარევის გამო გააუქმა. შესაბამისად, გააუქმა არჩევნების მეორე ტურიც, რომელიც 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან დაიწყება და მთავრობამ ახალი კენჭისყრის თარიღი უნდა ჩანიშნოს.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე, NATO-ს სკეპტიკოსმა საზოგადოებისთვის თითქმის უცნობმა კანდიდატმა - კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. ის ყველასთვის მოულოდნელად, ხმების თითქმის 23%-ით პირველ ადგილზე გავიდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლომ განაცხადა, რომ პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება "საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად" მიიღო.

რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა. 

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხმების გადათვლის შემდეგ, პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას საარჩევნო პროცესისა და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის თავიდან დაწყებას მოსთხოვენ.

არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, სადაც ერთმანეთს ჯორჯესკუ და ლასკონი დაუპირისპირდებოდნენ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანულირებულად ცნოს პირველი ტურის შედეგები, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხელახლა გაიმართება. 


close დახურვა