logo
ENG



რურუას პატიმრობა წინასაარჩევნოდ არაა მიზანშეწონილი - ცქიტიშვილი

03 ივნ 202014:14
3 წუთის საკითხავი
clock 505

გიორგი რურუას პროცესზე შეფასებები საკანონმდებლო ორგანოშიც გაკეთდა - დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არაა მიზანშეწონილი. დეპუტატი ამბობს რომ, რურუას დაკავება შეკითხვებს თავიდანვე აჩენდა.

„მისი პატიმრობაში ყოფნა არაა მიზანშეწონილი. საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური აქტივისტის დაკავება, როგორი ცუდი რეპუტაციაც უნდა ჰქონდეს მას, არაა მიზანშეწონილი. შეუცვალონ უნდა წინასწარი პატიმრობის რეჟიმი და მისი სასამართლო გაიმართოს არჩევნების შემდეგ", - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

საპირისპიროს აცხადებენ მმართველი გუნდის წევრები - სოფო კილაძის აზრით, ოპოზიციამ იცის, რომ ახალი მოდელითაც წააგებს არჩევნებს და სწორედ ამიტომ არის ამოფარებული რურუას პატიმრობის თემას.

„ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც რურუას პოლიტპატიმრობაზე საუბრობს და აბამს ამას საკონსტიტუციო ცვლილებების თემას, დარწმუნებული რომ იყოს, ამ ცვლილებებით ხელისუფლებაში მოვლენ, ამას მხარს არ დაუჭერდნენ? ისინი თანამდებობებს რურუაზე გაცვლიდნენ? ამაში ეჭვი მეპარება" , - ამბობს სოფო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარეობს - მედიასაშუალების მეწილეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.


close დახურვა