logo
ENG



რურუას უფლებადამცველი სასამართლო პროცესზე: ეს არის საცირკო წარმოდგენა

11 ივნ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. პროცესზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა დასრულდა. რურუას ადვოკატების შუამდგომლობაზე უარი მოსამართლემ კიდევ ერთხელ თქვა და აღკვეთის ღონისძიება დაკავებულს არ შეუცვალა. 

პროკურატურა აცხადებს, რომ რურუას მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობდა და შუამდგომლობას ამიტომ არ დაეთანხმნენ. დაცვის მხარე და პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სასამართლოს მხოლოდ პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს. 

როგორც რურუას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს.

„ამას არანაირი საერთო არ აქვს სამართალთან და სასამართლოსთან, ეს არის საცირკო წარმოდგენა, სადაც მხარეები ვთამაშობთ, რომ ჩვენ ვართ ადვოკატები, ვიღაცები არიან პროკურორები და ვიღაცები არიან თითქოს მოსამართლეები, რომლებიც მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქმის განხილვის ბოლო დღეს პროკურორი რომ ადგეს და თქვას, ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვეშალა და თქვას, რომ გიორგი რურუას კი არა დიმიტრი საძაგლიშვილს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიო, დარწმუნებული ვარ ბუგიანიშვილიც უაპელაციოდ გაიზიარებს ამას და საქმის ფარგლებში დაახლოებით 7 წელს მომისჯის“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

პროკურორი ვასილ სამხარაძე კი რურუას მხრიდან მიმალვის საფრთხეზე საუბრობს. 

„მოწმეებზე ზემოქმედება არის სხვა საფრთხე. ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ იყო მიმალვის საფრთხე და ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ეს ორი მოცემულობა წარმოადგენს იმ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მას ჰქონდა ცეცხხლსასროლი იარაღი, რომელშიც საბრძოლო მასალა იყო მოთავსებული. საბრძოლო მდგომარეობაში იყო ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე მას ავტომობილში ჰქონდა ე.წ. მაყუჩი. ეს საფრთხეები მიგვანიშნებს, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას მხარეებს შორის დადებული 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს.

გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

 


close დახურვა