რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში, უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „პროლისკას“ კუთვნილ ჯავშანმანქანას ოპტიკურ-ბოჭკოვანი FPV დრონით შეუტიეს.
თავდასხმის დროს მანქანაში ორი ჟურნალისტი — ერთი ავსტრიელი და ერთი ესპანელი — იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას ამის შესახებ კონსტანტინოვკის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ჰორბუნოვი ადასტურებს.
ჰორბუნოვის განცხადებით, დაზიანდა „პროლისკას“ ჯავშანმანქანა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენება.
„პირველადი ცნობებით, დარტყმა ჰუმანიტარული მისიის შესრულების დროს პირდაპირ ავტომობილს მოხვდა. შიგნით ასევე ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები იმყოფებოდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, არ დაშავებულან. ავტომობილმა მნიშვნელოვანი მექანიკური დაზიანება მიიღო,“ — თქვა ჰორბუნოვმა.
